
ირაკლი კასრაძე
ირაკლი კასრაძე – კასრაძის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის კომპანიის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი.
ირაკლი დაიბადა 1985 წელს ქ. თბილისში. მან იურიდიული განათლება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სამაგისტრო დიპლომს დაეუფლა იტალიაში, ტურინის უნივერსიტეტში.
ინტელექტუალური საკუთრების სფეროში კარიერა 2007 წელს დაიწყო, როდესაც იურისტის პოზიცია დაიკავა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში – საქპატენტში. შემდგომში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა ამავე უწყებაში.
საქპატენტში საქმიანობის პერიოდში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების პროცესებში.
საქართველოს წარმოადგენდა საერთაშორისო პლატფორმებზე და იყო სამუშაო ჯგუფების წევრი, რომლებიც ევროკავშირთან (EU), ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA) და ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ინტელექტუალური საკუთრების თავების შესახებ, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.
ასევე, ირაკლი იყო ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების საკონსულტაციო კომიტეტის (ACE) თავმჯდომარე.
მას აქვს ფართო გამოცდილება პროექტების მართვაში ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, როგორიცაა WIPO, EUIPO და სხვა.
2018 წლიდან WIPO აკადემიის ტუტორია, ხოლო 2007 წლიდან საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.
ირაკლი კლიენტებს უწევს კონსულტაციას ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე. მას დიდი გამოცდილება აქვს ინტელექტუალური საკუთრების პორტფელების შექმნასა და მართვაში, ასევე ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებასა და სასამართლო დავების წარმოებაში.
მისი მშობლიური ენა ქართულია, ხოლო ინგლისურ და რუსულ ენებს ფლობს სრულყოფილად.